ვანის ქვაბები
galerea
aRwera
გამოქვაბული კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი, VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი – ვანის ქვაბები – ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში (რაიონულ ცენტრი ასპინძიდან 27 კმ დაშორებით), მდინარე მტკვრის ზემოთში, მის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. დაარსებულია მეუდაბნოების ხანაში; ეს უძველესი ქვაბთა ჯგუფი, რომელიც ეკლესიას შეიცავს, VIII საუკუნეს არ გადმოშორდება. იგი დღემდეა დაცული. IX-XI სს. ვანის ქვაბების უდაბნო ფართოვდება - უდაბნოს ცენტრში წმ. გიორგის ტაძარი და ქვაბ-სენაკების ახალი ჯგუფები გამოკვეთეს. 1089 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბების ცენტრალური ნაწილი ტაძრიანად დაინგრა. XII საუკუნის მანძილზე, 1191 წლამდე ვანის ქვაბები გურგენისძეთა ფეოდალური სახლის საგვარეულო მონასტერია. თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) დაიწყო ვანის ქვაბების რეკონსტრუქცია. 1186-1191 წლებში მონასტრის პატრონმა იჩქით გურგენისძემ განაახლა მონასტერი, აღადგინა და ძვირფასი ხატებით შეამკო წმ. გიორგის ტაძარი; მის გვერდით ადრე ააგო საგვარეულო ეგვტერი და ორივე შესასვლელში თავისი მოღვაწეობის ამსახველი წარწერა გაუკეთა. მწიგნობართუხუცესმა ანტონ ჭყონდიდელმა 1204 წელს ვანის ქვაბების ძველი ქვითკირის ზღუდე აღადგინა. ვანის ქვაბების 1204-1283 წლებში თმოგველთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა. 1204-1234 წლებში მათ მონასტერს დაუწესეს ახალი ტიბიკონი "ვაჰანის ქვაბთა განგება", 1265-1283 წლებს შორის ააშენეს წმ. გიორგის ტაძრის კარიბჭე, სამრეკლო და დარბაზული ეკლესია. 1283 წელს მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბები კვლავ დაინგრა. XIV-XVI საუკუნეებში აქ კვლავ გამოცოცხლდა სამონასტრო ცხოვრება. 1551 წელს სპარსელებმა, ხოლო 1576 წელს ოსმალებმა აიღეს და დაარბიეს, რის შემდეგაც იგი გაუკაცრიელდა. ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთი 200-მდე გამოქვებული 16 სართულადაა განლაგებული. სამონასტრო კომპლექსში შედის კლდეში ნაკვეთი სადგომები, ქვაბები და სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ეგვტერ-სამარხები, საძვალე, თავშესაფარი, სამიმოსვლო გვირაბები და 6 ეკლესია. კომპლექსის ცენტრია წმ. გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი მოჩუქურთმებული ქვითკირის კარიბჭით და ორსართულიანი სამარხი ეგვტერით. კარიბჭის ქვეშ ქვაბსაძვალეა. აქვე აღმოჩნდა კანკელის მოჩუქურთმებული დეტალები და კარიბჭესთან შერწყმული სამრეკლოს ორნამენტირებული ქვები. კარიბჭესთან ჩრდილოეთით, იმავე ტერასაზე, ქვითკირის დარბაზული ეკლესიაა, ხოლო ქვემოთ, ანსამბლის მარცხენა ფრთის ტერასებზე, 3 სართულად განლაგებულია ქვაბსამარხი და ქვის სახლები. შემორჩენილია წყალსადენის 3 ტრასისა და წყალსაცავის ნაშთი, მხატვრობის ფრაგმენტები და ისტორიული ხასიათის მნიშვნელოვანი წარწერები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია რვაქვევრიანი მარანი, მოჭიქული კერამიკული ჭურჭლის დასამზადებელი სახელოსნო, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, კლდეში ნაკვეთი საწნახლით და მცირე წყალსადენი ტრასით, ქვით ნაშენი 2 სახლი და სხვა. ქვითკირის ზღუდის გარეთ, ტერასაზე გამოვლინდა ოვალური კოშკი, რომელიც რთული თავდაცვითი ნაგებობის ნაწილს შეადგენდა და ზღუდის მისადგომებს იცავდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არქეოლოგიური გათხრებით გამოვლენილი ეპიგრაფიკული ძეგლები, მ. შ. იჩქით გურგენისძის სამშენებლო წარწერა, ვანის ქვაბების დასავლეთით მეუდაბნოების ხანის მცირე ეკლესიაში შემონახულია XIII საუკუნის მხატვრობის ფრაგმენტები. ვანის ქვაბების არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია XII საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ძეგლები, მ. შ. ვერცხლის 3 თასი. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის მნიშვნელოვანია ვანის ქვაბთა პოეზიაც. გამოქვაბულთა ბოლო სართულზე, კლდეში ჩაშენებულია პატარა ეკლესია, რომლის კელდებზე შემორჩენილია XV საუკუნის II ნახევარში შეხიზნული ქალების მიერ მელნით შესრულებული მხედრული წარწერები. წარწერების ავტორები არიან გულქანი, ანა რჩეულიშვილი, თუმიან გოჯიშვილი, მისი და შაღაბანი სულთანი და სხვა. წარწერებიდან ჩანს, რომ ისინი აქ იძულებით მოუყვანიათ და ემდურიან თავის ბედს. ვანის ქვაბთა მონასტრის წარწერებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული მწერლობის ისტორიისათვის. მათ შემოინახეს ქართული ლირიკული პოეზიის, "ვეფხისტყაოსნისა" და "როსტომიანის" სტროფთა უძველესი ნიმუშები. წარწერების მიხედვით ვეცნობით XV საუკუნის ქართველი საზოგადოების ლიტერატურის გემოვნებასა და კულტურის დონეს.
ინფორმაცია მოამზადა ლელა მარგიანმა
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის