წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტეს სახელობის ეკლესია კალაში
galerea
aRwera
ლათფარის უღელტეხილს რომ გადალახავთ, ჩადიხართ პირდაპირ კალას თემში, რომელიც შედგება ექვსი სოფლისგან: ვიჩნაში, ხე, ლაიხორი, დავბერი, იფრარი და ხალდე. პირველი სოფელი არის დავბერი.
ამ სოფლის ცოტა ქვემოთ, მარცხნივ, მაღალ განცალკევებულ მთაზე არის გაშენებული კვირიკე და ივლიტას ეკლესია, ყოფილი დედათა მონასტერი (სვანები უწოდებენ „ლაგურკა“-ს), სადაც სრულიად საქართველოდან მოსული „აზნაური“ და „უაზნო“ მონაზვნები მოღვაწეობდნენ. ლაგურკის დედათა მონასტერში 1704 წელს მონაზვნად აღკვეცილა იმერეთის მეფე ბაგრატის ასული თინათინი (შემდგომ - თეკლა). მთა ძირიდან წვერამდე შემოსილია ტყით, ნაძვნარით, რომელიც საღმრთოდ ითვლება და სვანი იქ წკეპლასაც არ მოჭრის.
სწორი ადგილი კლდოვანი მწვერვალისა პატარაა და იტევს მხოლოდ პატარა ეკლესიას, არაწმინდათ ნათალი ქვისაგან აშენებულს, რომელსაც დასავლეთით მიშენებული აქვს პატარა სამრეკლო და სამხრეთით - უბრალო ქვის ოთახი. შესასვლელი ამ სამხრეთის ოთახიდან არის. ეკლესიას ქვითკირის ზღუდე ჰქონია, მაღალი, კბილოვანი, მაგრამ ეხლა სანახევროდ დანგრეულია.
სხვა შენობები, სატრაპეზო, ოთახები და სენაკები, ქვემოთ ფერდობზეა გაშენებული. აქ ბარტოლომეის დროს პაპები (სვანეთი დეკანოზები) ცხოვრობდნენ.
კალას ეკლესია წარმოადგენს მთელი სვანეთის მთავარ სამლოცველოს. ეს სვანებისათვის იგივეა, რაც მთელი საბერძნეთისთვის დელფის ტაძარი იყო. ეს აერთებს თემებად დაყოფილ სვანებს.
სვანების ყოველ თემს თავისი ეკლესიები აქვს აუარებელი ჯვარ-ხატებით, მაგრამ არცერთი ისე ძლიერად არ მიაჩნიათ, როგორც „ლაგურკა“, წმ. კვირიკეს და ივლიტას ეკლესია და მასში დაცული საუცხოო, ბიზანტიური ხელოვნების სანაწილე - ხატი, რომელსაც ისინი შალიანს უწოდებენ. ამიტომაც დიდი ბოროტების და დანაშაულობის ჩამდენის აღმოსაჩენად შენიშნულ პირებს ამ ხატზე აფიცებენ და არ ყოფილა შემთხვევა, რომ სვანს ფიცის დროს თავისი დანაშაული არ ეღიარებინა.
სვანების გადმოცემით შალიანი სვანი იყო. ერთხელ იმერეთის მეფემ ასი სვანი გამოიწვია და მათ შეუკვეთა გეგუთის ველის მოთიბვა. შალიანმა მეფეს წინადადება მისცა, რომ ის მარტოდ მარტო მოთიბავდა ველს სწორედ იმ დროის განმავლობაში, რაც მან ას სვანს დაუნიშნა, მაგრამ გასამრჯელოდ შალიანისათვის ის ნივთი უნდა მიეცა, რასაც ის მოითხოვდა. მეფე დათანხმდა. შალიანი შეუდგა საქმეს და დანიშნულ დროზე შეასრულა იგი. გასამრჯელოდ მოითხოვა ეს კალას ხატი. მეფემ პირობა შეასრულა. შალიანმა ხატი შეახვია ვაცის ტყავში და სვანეთში გამოეგზავრა. კალას თემის მცხოვრებლებმა გაიგეს, რომ შალიანს ასეთი ძვირფასი ნივთი მოაქვს, მოინდომეს მისი წართმევა, დახვდნენ გზაში, მოკლეს შალიანი და ხატი ხელში ჩაიგდეს, მაგრამ მათ არ იცოდნენ სად წაეღოთ, სად დაესვენებინათ; ამიტომაც შეაბეს უღელში ორი კურო, უღელზე ბოძი მიაკრეს, ბოძზე ხატი დაამაგრეს და ისე გაუშვეს თავის ნებაზე კუროები. ხარებმა გადალახეს ენგურის მდინარე, შეუდგნენ აღმართს და გაჩერდნენ მთის წვერზე, სადაც ეხლა წმინდა კვირიკეს და ილიტას ეკლესიაა. აქ ააშენეს მონასტერი სვანებმა და მას შემდეგ აქ ინახება შალიანის ხატი.
შალიანის ისტორიის ცოტა განსხვავებული ვერსიაც არსებობს. ერთხელ შალიანმა თავის შვილს ძროხები გაარეკინა საძოვარზე. ბიჭს ერთი ძროხა შორს გაექცა და უკან რომ მოებრუნებინა, პატარა ქვა ესროლა. ქვა ისეთი ბასრი ყოფილა, რომ ძროხას ფერდი გაუხვრიტა და იქვე მოკლა. გაიქცა ატირებული ბავშვი მამასთან და უამბო ეს ამბავი. მამამ მოაძებნინა ის ქვა და მჭედელთან წაიღო, გამოაჭედინა ცელი და ქვა იმ ცულის პირში ჩაატანებინა. ამ დროს სვანებს იმერეთის მეფისგან ევალებოდათ, ყოველ წელიწადს გეგუთის მინდორი გაეთიბათ. მთიბავთა შორის შალიანიც ერია. შალიანმა ცხენს კუდზე გამოაბა თავისი ცელი და მინდორზე მიუშვა. გავარდა პირუტყვი და სამი დღის სათიბი ნახევარ დღეში გათიბა. განცვიფრებულმა მეფემ ხელში დიდი ფასი შესთავაზა შალიანს, მაგრამ შალიანმა გასამრჯელოდ ჯვარცმის ხატი მოითხოვა. მეფემ მისცა ხატი და შალიანმა თავის სოფელში - ზეგანში მიიტანა და იქ ეკლესიაში დაასვენა, მაგრამ ხატი აფრინდა და კალის მახლობლად, ერთ მაღალ კლდეზე დაბრძანდა, მერე ადგილიდან აღარ დაძრულა. სწორედ ამ ადგილზე ააშენეს კალელებმა ეკლესია, რომელსაც ლაგურკა უწოდეს, ხატს კი - შალიანი შეარქვეს. არსად სვანეთში ეკლესიას მცველი არ ჰყავდა. მხოლოდ კალას ეკლესიას დღიან-ღამიან დარაჯობდა ორი შეიარაღებული სვანი. შალიანის ხატი შენახული ჰქონდათ აბრეშუმის მანდილში გამოხვეული, რკინით შეჭედილ სკივრში. წელიწადში ორჯერ, კვირიკეს და ივლიტას დღეობას, აღდგომის კვირის შაბათს და 28 ივლისს, ლაგურკაში სვანები რიტუალს ასრულებდნენ. კალას თემში რამდენიმე საპატიო მამაკაცი დილით „შალიანის“ ხატს დიდი პატივით გადმოასვენებდნენ ტაძრიდან და განბანდნენ, რის შემდეგაც სანთლებითა და წმ. ზედაშით სავსე ფიალებით გარშემო შემოუვლიდნენ ეკლესიას. რიტუალს თან ახლდა სვანური საგალობელი. სამრეკლოზე ირეკებოდა ზარი. ქუდმოხდილი მამაკაცები ეკლესიის გალავანში იჩოქებდნენ, ქალები კი მამაკაცებისგან განცალკევებით იდგნენ ერთად. სხვა სოფლებიდან მოსული მლოცველები ეკლესიის მოშორებით ელოდებოდნენ ლოცვის დასრულებას. როდესაც რიტუალი მთავრდებოდა, რჩეული მამაკაცები „შალიანის“ ხატს კვლავ შეასვენებდნენ ტაძარში. უხუცესი მამაკაცი ხატით დალოცავდა მთელს საქართველოს, სვანეთს, შეკრებილ ხალხს. ბოლოს უხუცესი ტაძარში შეაბრძანებდა „შალიანის“ წმინდა სანაწილე ხატს, რომელიც მომდევნო კვირიკობამდე იყო იქ დასვენებული. ხატის ნარეცხი წყალი ითვლებოდა წმინდა წყლად, რომელიც ყველაფერს არჩენდა, ყველაფერს შველოდა. ამ წყალს ასხამდნენ განსაკუთრებულ სპილენძის დოქში, რომელიც თავისთავად ჩაითვლება უაღრესი ხელოვნების ნაწარმოებად, და მით ატარებდნენ სოფელში. ამ წყლის საშუალებით აფიცებდნენ ხალხს, ზოგჯერ, ხატის მაგიერ. ეს ორი ნივთი, შალიანის ხატი და საუცხოოდ შემკობილი, ნაჭედი, სპილენძის დოქი, შეადგენენ უმთავრეს და ფასდაუდებელ საგანძურს ამ ეკლესიისა. კვირიკობის დღესასწაულს დღესაც ყოველწლიურად აღინიშნება სვანეთში.
ეკლესიაში იშვიათად თუ შეუშვებდნენ, არა თუ საერო, არამედ სამღვდელო პირთაც. ექვთიმე თაყაიშვილსაც ძალიან გაუჭირდა ამ ეკლესიის მოკვლევა. გავლენიანი სვანების რჩევით, ექვთიმემ და მისმა მხლებლებმა ჯერ სხვა ეკლესიები მოილოცეს და შემდეგ მივიდნენ კალაში. როდესაც ხატებისთვის სურათების გადაღება მოინდომეს პაპებმა ხელი არ ახლეს შიშით. ბოლოს ექვთიმე თაყაიშვილი იძულებული გახდა თვითონ ჩამოეღო ხატები თაროებიდან და კედლებიდან და ერმაკოვი იღებდა სურათებს. თუმცა აქაც ჰქონდათ დაბრკოლებები, სვანები აფორიაქდნენ, რაც ეკლესია აშენდა ხატები გარეთ არავის გამოუტანია და ეხლა ყველანი ამოვწყდებითო, ამის გამო რაღაც მცირე ნაწილი ხატებისა ვერ გადაიღეს. ბოლოს სვანებმა გახსნეს რკინით შეჭედილი ზანდუკი, რომელიც ექვთიმემდე არავის ენახა. ზანდუკში იყო ხელნაწერი, ტყავის წიგნი, იერუსალიმის დიდი კანონი, ჭურჭლები და მრავალი წვრილმანი. ეს ყველაფერიც გადაიღეს ფოტოგრაფიულად.
ეკლესია, როგორც უკვე ვთქვით პატარაა, სიგრძით 11 არშინი და 12 ვერშოკი; განით 7 არშინი; თაღი დამყარებულია სამ თლილის ქვით გაკეთებულ სარტყელზე. ფანჯარა ორი აქვს: ერთი აღმოსავლეთით და მეორე დასავლეთით.
ეკლესია სულ მოხატულია. მხატვრობა საკმაოდ ლამაზია და შეიცავს უმთავრესად ცალკე სახეებს და სცენებს წმ. კვირიკეს და ივლიტას ცხოვრებიდან. დასავლეთის კედელზე მოთავსებული ასომთავრული წარწერა გვამცნობს, რომ ეკლესია მოხატა მხატვარმა თევდორემ 1112 წელს, იფრარის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატვის 16 წლის შემდეგ.
ლაგურკაში კამარაზე სახარების ოთხი სცენაა მოთავსებული: შობა, ნათლისღება აღმოსავლეთ მხარეს და ჯვარცმა და ჯოჯოხეთის წარტყვევნა დასავლეთ მხარეს. სცენების განლაგებით მხატვარი გარკვეულო თეოლოგიურ იდეას უსვამს ხაზს. სახელდობრ, ჯვარცმა, ე.ი. ქრისტეს მსხვერპლი უპირისპირდება მის მკვდრეთით აღდგომას (ჯოჯოხეთის წარტყვევნა), ორივე ერთად კი ადამიანის და ქვეყნიერების ხსნის იდეას გადმოსცემს.
სამხრეთი კედლის ქვედა რეგისტრში თევდორემ წარმოადგინა ორი სცენა წმ. კვირიკესა და მისი დედის, წმ. ივლიტას ცხოვრებიდან. ერთ-ერთი კომპოზიცია წარმოგვიდგენს პატარა კვირიკეს სიკვდილს; უღმრთო მეფემ დაანარცხა იგი საყდრის საფეხურებზე წმ. ივლიტას წინ. დედა ლოყაზე იკრავს შვილის ხელს და დასტირის მას.
ივლიტას თავის კვეთის კომპოზიციაში დრამატულობის შთაბეჭდილებას აძლიერებს პერსონაჟთა ხაზგასმული კონტრასტული გადაწყვეტა - ჯალათის მკვეთრ მოძრაობას უპირისპირდება მუხლმოყრილი წმინდანის მშვიდი პოზა, რომელიც სიკვდილისათვის მზადყოფნას გამოხატავს.
ლაგურკის მოხატულობა ნაწილობრივ გადაწერილია გვიანი შუა საუკუნეების ხანაში, რადგან იგი ძლიერ დაზიანებულია მიწისძვრის დროს. ამას გვაუწყებს სამხრეთი პილასტრის წარწერა: „საყდარი ესე წმიდისა კვირიკესი, ოდეს მიწისა ძვრამან დაარღვია, მე ანტონის შვილმა გიორგი ახლად შევამკე.“ სწორედ ამ დროს, ხელმეორედ, მაგრამ ძველი მოხატულობის მიდევნებით, მოხატეს საკურთხეველი და კანკელი.
კანკელი ქვისაა, სამკამარიანი, შუა კამარა ერთადერთი შესავალია საკურთხეველში. კანკელიც მოხატულია. მასზე წარმოდგენილნი არიან: წმ. სტეფანე, წმ. კვირიკე, წმ. ივლიტა და წმ. ეკატერინე. ყველას ასომთავრული წარწერა აქვს სახელისა.
კალას თემის ეკლესიების მთელი საგანძური ლაგურკის ეკლესიაში იყო თავმოყრილი ხატები წმ. კვირიკეს გამოსახულებით მხოლოდ სვანეთშია დაცული. ლაგურკის ეკლესიამ წმ. კვირიკეს ათი ხატი შემოგვინახა, რომელბიც სხვადასხვა დროს მიეკუთვნება და წარმოადგენს მას ტრადიციულად, როგორც მოწამეს ჯვრით ხელში. ეს ხატები სპეციალურად ლაგურკის ეკლესიისთვის იყო შესრულებული. მათ შორის შესრულების მაღალი ოსტატობით გამოირჩევა XI ს-ის ხატი. სადა ფონზე ფიგურისა და სახის პლასტიკურად გააზრებული დამუშავება. ფიგურის მოცულობითი ფორმები, მაღალი რელიეფით გადმოცემული წმინდანის თავი, კარგად მოდელირებული სახის ნაკვთები, რომელშიც მას ჯვარი უჭირავს და სამოსის ნაოჭები ერთმანეთზე დალაგებული მოცულობებით სიღრმისა და სივრცობრიობის შთაბეჭდილებას ქმნის.
მხოლოდ ერთ ხატზეა
წმ. კვირიკე დედასთან - წმ. ივლიტასთან ერთად გამოსახული. ამ ხატის ფონისა და ჩარჩოს შესამკობად გამოყენებულია სხვადასხვა გამოსახულებიანი ტვიფრები.
ინფორმაცია მოამზადა ლელა მარგიანმა
ფოტოები - ლელა მარგიანის