წმ. იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია სოფელი იენა
galerea
aRwera
სოფელ იენაში მდებარეობს წმ. იონა წინასწარმეტყევლის სახელობის ეკლესია - ბაზილიკური რიგის. ნაშენია თლილი ქვით. სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით ეკლესიას ეკვრის ეკვტერები. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ეკვტერები ეკლესიას აძლევს სამნავიანი ბაზილიკის სახეს. შესასვლელი აქვს დასავლეთით და სამხრეთით. სამხრეთის ეკვტერში შესასვლელი ორი გაშლილი კამარით არის და ეს კამარები შემკობილია სვეტებით და პილიასტრებით. დასავლეთის ფანჯარა შემკობილია სკულპტურული ოთკუთხედი ჩარჩოთი, რომლის ზემოთ ორ ქვაზე ამოჭრილი ჯვარია. სამი ასეთივე ფანჯარა არის აღმოსავლეთის ნაწილში, თითო თითო ნავში, თუ ეკვტერებს ნავებად ჩავთვლით. სამხრეთის და აღმოსავლეთის კედლებზე არის პასქები, რომელთა სკულპტურული შემკობილობა წნულის სახისაა. კანკელი ქვისაა, ხუთ-კამარიანი.
ეკლესია სულ მოხატული ყოფილა. ინტერიერის მოხატულობა XIV ს-ეს მიეკუთვნება. ტრადიციულ სიუჟეტებთან ერთად, მხატვარმა სამხრეთის კედელზე, საკურთხევლის გვერდით, გამოსახა წინასწარმეტყველ იონას ცხოვრების ამსახველი ეპიზოდი - მისი ხსნა ვეშაპისგან, რომელიც სვანეთის არცერთ ეკლესიაში არ გვხვდება. ფრესკები დაზიანებულია, მაგრამ აქა-იქ კიდევ საკმაოდ არის შენახული, საკურთხეველში მოსჩანან ეკლესიის მამები ქარტებით, რომლებზეც ბერძნული წარწერებია, მაგრამ სახელები ფიგურებისა ასომთავრულით არის, მაგალითად: პეტრე, პავლე. კონქში მოსჩანს მაცხოვარი. დასავლეთის კედელზე ყოფილა ფიგურა მაშენებელისა, მაგრამ ცოტაღაა დარჩენილი.
კანკელის წინ აღმართული იყო ჯვარი. ფრიად თავისებური, რომელიც მარტო სვანეთში გვხვდება. ჯვრის ყველა მხარე ბოლოში გაფართოებული იყო და თავდებოდა დიდი მრგვალი მედალიონებით, რომელთაც ირგვლივ ახლდა სამი მომცრო მედალიონი. ქვემოთ კიდევ მედალიონს ტრაპეცია მოსდევდა. შუაში ოთხკუთხედი მედალიონი იყო. კიდეები ჯვრისა და მედალიონისა შემკობილი იყო მოოქროვილი ვერცხლის წნულით და გამშვენებული ძვირფასი ქვებით. ჯვარის ყველა ნაწილი საკმაოდ ღრმა უჯრედებს შეიცავდა, რომლებშიც ეტრატზე ფერადი წამლებით დახატული სურათები იყო სახარების ციკლისა და ეს სურათები ზემოდან დაფარული იყო შუშებით. იგივე სახე ჰქონდა ჯვრის მეორე პირსაც. დღეს ამ ჯვარის ნაცვლად ხის ჯვარია აღმართული.
ეკლესიის საგანძურში აღსანიშნავია XI ს-ის მაცხოვრის დიდი ზომის ხატი. ქრისტე გამოსახულია წელზევით, მაკურთხეველი მარჯვენითა და სახარებით ხელში. ხატი მოჭედილია მთლიანად ოქროთი და ფერილი ვერცხლით, მხოლოდ სახეა ფერწერით შესრულებული, რომლისგანაც მხოლოდ კონტურიღა შემორჩა. ფერწერა მთლიანად ჩამოცლილია.
ეკლესიიდან მოპარული და დაკარგული ყველა ნივთი კვლავ უბრუნდებოდა მას. ასეთივე ბედი ეწვია XIV ს-ის წმ. თევდორეს ხატს, რომელმაც განვლო რთული და გრძელი გზა, იენაშის ეკლესიიდან ლონდონში, ჟენევაში და კვლავ დაუბრუნდა თავის სამშობლოს. ასევე XII ს-ის წყვილი მეომრის ხატი, წმ. გიორგის ხატი, საწინამძღვრო ჯვრები და იტალიური ჯვარი, XIV ს-ის წმ. თევდორეს ხატთან ერთად იყო 1978 წელს გატაცებული ეკლესიიდან. ბოროტმა ხელმა ეკლესიის განძეულობა სამშობლოს მოაცილა და გასაყიდად გაიმეტა, მაგრამ ყველა ეს ნივთი კვლავ დაუბრუნდა თავის მხარეს ოდესიდან. ეკლესიის ხატებიდან აღსანიშნავია წმ. იონა წინასწარმეტყველის ხატი, რომლის ზურგზე მოთავსებული წარწერა გვამცნობს, რომ ხატი მოუჭედავს მამია გურიელს სოფლის გასამარჯვებლად და მისი სულის საოხად. წარწერაში მოხსენიებული პირველი მამია გურიელი უნდა იყოს. (ხუთი მამია გურიელი იყო), რომელიც XV ს-ში მოღვაწეობდა. ხატის ანალიზიც სწორედ ამ დროზე მიუთითებს.
ინფორმაცია მოამზადა ლელა მარგიანმა
ფოტოები - ლელა მარგიანის