წმ. გიორგის სახელობის ეკლესია უშგულში
galerea
aRwera
უშგულში, ჟიბიანის სოფლის განაპირას, სათიბ-საძოვრებისა და სანადიროებისაკენ მიმავალი გზის თავზე, მცირე ზომის დარბაზული ეკლესია დგას. ქვის ღობით გარშემოვლებული. მას შვერილი, წახნაგოვანი აფსიდი აქვს და ფასადები დეკორატიული თაღედითაა დამშვენებული.
ეკლესია წმ. გიორგის სახელზეა აშენებული. სვანეთში გავრცელებული გადმოცემის თანახმად, წმ. გიორგის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას მონადირეთა მფარველობა შეადგენდა. ამიტომ სანადიროდ მიმავალი უშგულელი მონადირეები ნადირობის წინ ამ ეკლესიაში შედიოდნენ და წმ. გიორგის სთხოვდნენ მფარველობასა და დახმარებას. ნადირობიდან დაბრუნებულები დაპირებისამებრ, ეკლესიას მოკლული ნადირის გულ-ღვიძლსა და მამალი ჯიხვისა და არჩვის თავ-რქას სწირავდნენ.
უშგულის მოსახლეობა ამ ეკლესიაში იხდის წმ. გიორგის სახელობის ორივე დღესასწაულს - გაზაფხულის - 23 აპრილს და შემოდგომის - 10 ნოემბერს (ძველი სტილით).
ინფორმაცია მოამზადა ლელა მარგიანმა
ფოტოები - ლელა მარგიანის