უშგული


galerea



aRwera

          გეოგრაფიულად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა - ზემო და ქვემო სვანეთად. თავის მხრივ ზემო სვანეთი ისტორიულად იყოფა ორ ნაწილად: თავისუფალ სვანეთად, სადაც განსაზღვრული დროიდან მოსპობილ იქნა ხელისუფლება სვანთა ერისთავისა და სათავადო ანუ სადადეშქელიანო სვანეთად, სადაც დადეშქელიანებმა შეინარჩუნეს ბატონობა უკანასკნელ დრომდე. თვით სვანები, ზემო სვანეთში განასხვავებდნენ „ჟიბე ხევს“ და „ჩუბე ხევს“, რაც „ბალსზემო“ - ანუ თავისუფალ სვანეთს და „ბალსქვემო“ - ანუ სადადეშქელიანო სვანეთს შეესატყვისებოდა.
         ბალსზემო, თავისუფალ ე.წ. უბატონო სვანეთში დასახლების თავისებური, საინტერესო ფორმას წარმოადგენს „ხევ“, რაც ნიშნავს ტერიტორიულ პრინციპზე დამყარებულ საზოგადოებრივ გაერთიანებას ანუ რამოდენიმე სოფლის შეკავშირებას ერთ საზოგადოებაში, ერთ თემში. ხევის დასახლების ტიპიური მაგალითია უშგული, რომელიც ზემო სვანეთში,  მდ. ენგურის ვიწრო ხეობაშია განლაგებული. უშგული ერთ-ერთი უმაღლესი დასახლებული ადგილია ევროპაში. იგი ზღვის დონიდან 2200 მ. სიმაღლეზე მდებარეობს.
უშგულში დასახლებისათვის ძირითადი კლდოვანი, სახნავ-სათესად უვარგისი ადგილებია გამოყენებული. უშგულის სოფლების განაშენიანება შედგება ცალკეული საცხოვრებელი კომპლექსებისგან.  საცხოვრებელი სახლის პირველი სართული „მაჩუბ“ წლის ცივ პერიოდში საცხოვრებლად იყო განკუთვნილი. მაჩუბშივე იყო ხის მსუბუქი ტიხრით გამოყოფილი, საქონლის სადგომიც. თბილ თვეებს ხალხი სახლის მეორე სართულზე ატარებდა („დარბაზ“ იგივე „მაჟიბ“). ორივე სართულის შუაში იყო კერა. სპეციალური გადასასვლელით სახლი სათავდაცვო ნაგებობას - კოშკს უკავშირდებოდა, სადაც საშიშროების დროს მთელი ოჯახი იხიზნებოდა. უშგულში არ ყოფილა არცერთი ოჯახი, რომელსაც საკუთარი კოშკი არ ჰქონოდა. გარდა საოჯახო კოშკებისა უშგულში იყო აგრეთვე საერთო, სათვალთვალო და სათავდაცვო კოშკები, რაც ზემო სვანეთის დასახლებებისთვის არ იყო დამახასიათებელი. უშგულში ასეთი კოშკების არსებობა საქართველოს ჩრდილოეთ სასაზღვრო მდებარეობით უნდა ყოფილიყო განპირობებული. ასეთი კოშკები ზოგჯერ ერთმანეთთან დახურული გადასასვლელებით ყოფილა დაკავშირებული, რაც ერთხელ კიდევ ადასტურებს მათ საერთო-სათავდაცვო დანიშნულებას.
სვანური კოშკი გეგმაში კვადრატული (5.5X5.5), ოთხ-ხუთ, იშვიათად ექვსსართულიანი ნაგებობაა (სიმაღლე 20-25 მეტრი). კოშკი ძირიდან თავისკენ თანდათან ვიწროვდება და მთავრდება საბრძოლო დუროებიანი  - გაფართოებული გვირგვინით და ფლეთილი ქვის ორქანობიანი სახურავით. უშგულის კოშკები რამდენადმე განსხვავდება ტიპიური სვანური კოშკებისაგან - დიდი გაბარიტებით, განსაკუთრებული საბრძოლო იერით და ხუროთმოძღვრული ფორმების ნაირგვარობით. აქ ხშირია 6-7 სართულიანი კოშკები. აქ შევხვდებით როგორც ორ, ისე ექვსდუროიან კოშკებს, სვანური კოშკების უმრავლესობას აქვს სამი-ოთხი საბრძოლო დურო.
კოშკების სიმაღლე და ნაირგვარობა, კლდოვანი რელიეფი, უშგულს ერთიან, შეუვალ ციხე-სიმაგრედ ხდის. შეუვალობის შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებს ის გარემოება, რომ მკაცრი ჰავისა და ხანგრძლივი ზამთრის გამო, ალბათ თბოიზოლაციის მიზნით, ნაგებობებს, საცხოვრებლებსაც კი, ფანჯრები საერთოდ არ უკეთდებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მხოლოდ უშგულში შემორჩენილი მეტად საინტერესო კომპლექსური ნაგებობა - ცალკე მდგომი სამსართულიანი „ციხე-სახლი“. ერთ მოცულობაში გაერთიანებული საცხოვრებელი, სამეურნეო და თავდაცვითი ფუნქციების სრული შესატყვისობითა და შესაბამისი სათავსების განლაგებით ციხე-სახლი, მთის სახლის მაღაგანვითარებულ და მეტად ორიგინალურ ფორმას წარმოადგენს.
განსხვავებით სვანეთის სხვა კუთხეებისგან უშგულში კოშკებს, უმეტეს შემთხვევაში შეულესავად სტოვებდნენ. სამშენებლო მასალად იყენებდნენ ადგილობრივ ფილაქანს. ქვის ბუნებრივი მოყვითალო-მონაცრისფერო ფერი სასიამოვნო კოლორიტს ქმნის უშგულის სოფლებში. 
         ამრიგად უშგულის ხუროთმოძღვრებაში ბევრია ორიგინალური, მხოლოდ უშგულისთვის დამახასიათებელი, თვით სვანეთის ხუროთმოძღვრებისაგან განსხვავებული მოვლენები, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას.
უშგულის ხუროთმოძღვრული ძეგლები ძირითადად შუა საუკუნეებს განეკუთვნებიან, საუკუნეთა მანძილზე მათ, ცხადია, მრავალი სახეცვლილება, ნგრევა და დეფორმაცია განიცადეს. 
         სვანეთს ცნობილი მკვლევარის ფრეშფილდის ცნობით XIX ს-ის 80-იან წლებში მარტო უშგულში 50-მდე კოშკი იყო. 1972-1973 წლებში კი მათი რაოდენობა 24-მდე იყო შემცირებული. დღეს კიდევ უფრო შემცირებულია, მათი ნაწილი დაინგრა, ნაწილი კი პატრონებმა დაანგრიეს და ახალი საცხოვრებელი სახლის ასაშენებელ მასალად გამოიყენეს. დღეისათვის დახურული გადასასვლელების, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, კვალიც კი აღარ ჩანს.
         უშგული, როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ნაკრძალადაა გამოცხადებული.

 

ინფორმაცია მოამზადა  ლელა მარგიანმა

ფოტოები  -  ლელა მარგიანის