იკვის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი
galerea
aRwera
იკვის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ რკონთან. ტაძარი დგას მდ.შაბწყალას (მდ.თეძამის შესართავი) მარჯვენა მხარეს, ტყით დაფარულ მთებში. ტაძარი ჯვარგუმბათოვანია, ნაგებია ნატეხი ქვით, მოსაპირკეთებლად გამოყენებულია თლილი ქვა.თარიღდება XIს.-ის I ნახ.-ით. შესასვლელი ორი აქვს: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. გუმბათის ყელში გაჭრილია ექვსი სარკმელი. სამხრეთ-დასავლეთით თაღის ქვეშ, ნიშის მარცხნივ ფილაზე აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა და ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია ქტიტორი მამამთავარი არსენ. 1939-40 წწ.-ში ტაძარს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის დროსაც აღდგა ფასადები და გუმბათის ყელი, ასევე, ჩრდ.-ით მთის ფერდობი კედლით გამაგრდა. ტაძარი გამოირჩევა მოხატულობითა და ჩუქურთმებით. ეკლესიის ფასადები მდიდრულადაა მორთული და ულამაზესი ჩუქურთმებითაა შემკული. მოხატულობა XI ს.-ისაა. დასავლეთ მკლავის მოხატულობა მკვეთრად განსხვავდება ძირითადი მოხატულობისაგან გამოსახულებათა შედარებით მცირე ზომით წარმოდგენით. აქ ჭარბობს მომწვანო-ზურმუხტისფერი, ყვითელი და ნარინჯისფერი, ხოლო ძირითად მოხატულობაში მხატვრობა მოწითალო-ყავისფერ, მონაცრისფრო და ვარდისფერ ფერებშია შესრულებული. აქ წარმოდგენილია საუფლო დღესასწაულები, წმინდანთა ფიგურები, ასევე, წმ.გიორგის ცხოვრების სცენები. ეკლესიის დას.კედელზე მთელ სიგრძეზე საკმაოდ მოზრდილი სათავსია მიშენებული. ტაძარს შემოვლებული ჰქონდა ნატეხი ქვით ნაგები გალავანი. შემორჩენილია ამ გალავნის ნანგრევები.ტაძარი XI ს.-ის უდაოდ ერთ-ერთი ულამაზესი ძეგლია.
ინფორმაცია მოამზადა ნიკოლოზ ბერიძემ
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის