ქვათახევი


galerea



aRwera

ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი კასპის რაიონში, სოფელ წინარეხიდან 5 კმ-ზე, მდინარე კავთურას ხეობაში მდებარეობს. პლატონ იოსელიანი მის ამშენებლად წმ. მეფე დავით აღმაშენებელს ასახელებს და 1126 წლით ათარიღებს, სხვა გადმოცემა კი მის მშენებლობას წმ. მეფე თამარს უკავშირებს. გადმოცემით ტაძრის საძირკველში ღვთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილია ჩატანებული და ტაძარიც მისსავე სახელს ატარებს. ათეისტური ხელისუფლების დროს სამონასტრო ცხოვრება XX ს-ის 90-იან წლებში კვლავ აღდგა სტავროპიგიალური მონასტრის სტატუსით. ამჟამად მონასტერი სამთავისისა და გორის ეპარქიის შემადგენლობაშია, სადაც კეთილმოწესეობს ბერდიაკონი დამიანე (ხუფენია). აქ არსებულ სიწმინდეთაგან აღსანიშნავია: ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი სიწმინდე წმ. იოანე ნათლისმცემლის წმიდა ნაწილი და ღვთისმშობლის მიძინების სასწაულთმოქმედი ხატი, რომლისწინაშეც უშვილო მშობლები ევედრებიან ყოვლადწმინდა დედას. კანკელზე ხეზე შესრულებული ოქროთი შეფერილი ღვთისმშობლის მიძინების, იოანე ნათლისმცემლის, წმ. ნინოს, თორმეტი მოციქულის და სხვათა ხატები ყოფილა, რომლებზეც ხუცური წარწერები არსებულა. ტაძრის მთავარი ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, კანკელზე, სამეუფეო კარის მარცხნივ სამრეკლოს კართან ყოფილა დასვენებული, რომელიც ხშირად ვლაქერნისად იხსენიება და ქართველთა ლაშქარში, ქართველთა საბრძოლო ხატს წარმოადგენდა. მის წინაშე ღვთისმშობლისადმი აკათისტოს კითხვა ყოფილა დაწესებული. ღვთისმშობლის ეს სასწაულმოქმედი ხატი, რომლის წინაშეც ყოვლადწმინდა დედას შეწევნისათვის განსაკუთრებით უშვილო მშობლები ევედრებოდნენ, პლატონ იოსელიანის აღწერით კაკლის ხის ფიცარზე იყო შესრულებული და სიგრძით 14 სმ. სიგანით კი 9 სმ. იყო. მასზე ღვთისმშობელი იყო ყრმით გამოსახული ხატი XVII საუკუნეში მეფე არჩილმა რუსეთში წაიღო, საიდანაც 1751 წელს დააბრუნეს და მონასტერში იმყოფებოდა 1827 წლამდე, სანამ მას თბილისში ფერისცვალების ტაძარში გადაიტანდნენ. ქვათახევი ქართლის უმთავრეს მონასტრად ითვლებოდა და დიდებულთა მფარველობის ქვეშ იყო, ჩვენამდე მოღწეულია მეფე ლაშა-გიორგის შეწირულობის სიგელი ქვათახევისადმი... 1386 წელს (არსებობს მოსაზრება, რომ 1400 წელს) თემურ-ლენგმა მონასტერი დაარბევინა. აქ აფარებდა თავს უამრავი ადამიანი. უღმერთოებმა მონასტრის კარები შეამტვრიეს, გაძარცვეს იგი, ხოლო ხალხს კი სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვეს რაზეც უარი მიიღეს. მაშინ მტარვალებმა ხალხი ტაძარში გამოკეტეს და ცეცხლი წაუკიდეს. მტარვალთაგან დარბეული მონასტერი საქართველოს მეფე წმ. ალექსანდრე დიდმა (1412-1442 წწ) აღადგინა და აქედან მოყოლებული მონასტერი იმდენად წმინდად მიიჩნეოდა, რომ ქალს ფეხი აღარ დაუდგამს. მათთვის დაახლოებით 1488 წელს რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ნიში აიგო და იქ ევედრებოდნენ ყოვლადწმიდა დედას, ამ წესს 1796 წლამდე უცვლელად იცავდნენ. 1821 წლამდე კი ტაძარში ფეხშიშველნი ან მხოლოდდამხოლოდ საგანგებო ქოშებით შედიოდნენ, რასაც საქართველოში ბატონობისას თვით ტაძარში შესვლის მსურველი თურქი და ირანელი დიდებულებიც კი ემორჩილებოდნენ. მონასტერი ძალინ მდიდარი ყოფილა. 1601 წალს სიმონ მეფის თურქთა ტყვეობიდან გამოსახსნელად მონასტერს ოქროთი და ვერცხლით 70 000 ლევი გადაუხდია. XVIII ს-ის 30-იან წწ-ში ქართლ-კახეთის ლეკთა თავდასხმების გამო აუტანელი მდგომარეობა იყო შექმნილი. ქვათახევის მონასტერიც 1735-1740 წწ-ში ბერმონაზვნებმა დატოვეს და დაიკეტა, ხოლო აქ დაცული სიწმინდეები მონასტრის ახლოს ერთ გამოქვაბულში გადამალეს. XVIII ს-ის 40-იან წწ-ში ქვათახევში ბერ-მონაზვნები დაბრუნდნენ და მალევე წინამძღვრად არქიმანდრიტი იოანე გამოირჩიეს. მონასტერთან არსებული სამედავითნეო სკოლაც, სადაც განათლება მიუღია შემდგომში წილკნელ ეპისკოპოს ტარასის (კანდელაკს), რომელმაც XX ს-ის 30_იან წლებში მონათლა ყრმა ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი, დღეს ჩვენთვის ცნობილი, დიდი სულიერი მწყემსი, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ამჟამად მონასტერში ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი სიწმინდე წმ. იოანე ნათლისმცემლის წმ. ნაწილი ინახება. ქვათახევის მონასტერში. ტოტალიტარული რეჟიმის ხელისუფლების ზეწოლით შეწყვეტილა სამონასტრო ცხოვრება. XX ს-ის 90-იან წლებში კვლავ აღდგა სტავროპიგიალური მონასტრის სტატუსით. კომპლექსის მთავარი ნაგებობა ჯვარგუმბათოვანი ტაძარია. ტაძარს ორი კარიბჭე შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან, რომლეთაგად სამხრეთისა თანადროულია, ხოლო დასავლეთისა XVII ს.-ის II ნახ.-ში მიუშენებიათ, წინამძღვარ ნიკოლოზ ჩხეიძის თაოსნობით. ტაძრის გუმბათის ყელში, თაღებქვეშ მოთავსებული 12 წვრილი და მაღალი სარკმელია. ტაძრის თავდაპირველი მოხატულობიდან თითქმის არაფერია შემორჩენილი. თავისი გეგმით, ხუროთმოძღვრული ფორმებით და ფასადთა მორთულობით ქვათახევის ტაძარი XII ს.-ის დასასრულის და XIII ს.-ის დასაწყისის ტიპური ძეგლია. ჩუქურთმათა სიმდიდრით, მრავალფეროვნებით და მათი შესრულების მაღალი დონით იგი ფეოდალური ხანის ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშია. 2002 წელს მონასტერი სამთავისისა და გორის მღვდელმთავარს, მეუფე ანდრიას (გვაზავა) გადაეცა, რომლის წინამძღვრობითაც კვლავ დაიწყო მონასტრის განახლება, ხელახლა აშენდა სატრაპეზო, განახლდა ბერების საცხოვრებელი სენაკები, მონასტერში განახლდა ტაძრამდე მისასვლელი გზა. ამჟამად მონასტერში კეთილმოწესედ წინამძღვრის, ეპისკოპოს ანდრის მიერ დადგენილია მღვდელმონაზონი დამიანე (ხუფენია). წელს, 2006 წლის მარიამობის დღესასწაულზე რამდენიმე მორჩილი აკურთხეს აქ სამოღვაწეოდ. ქვათახევის წმინდ სავანე დედა-ღვთისმშობლის შემწეობით თანდათან კვლავ იბრუნებს თავის ძველ დიდებას და მასზე აღსრულდება საუკუნეების წინათ თქმული დიდი წინასწარმეტყველის სიტყვები: „გამდიდრდებიან უდაბნონი წამულნი და სიხარულით შეიმოსებიან მთანი შენნი"

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის