სამთავისი


galerea



aRwera

სამთავისის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში, სოფ.სამთავისში, მდინარე ლეხურის მარცხენა მხარეს. (ზღვის დონიდან 680მ.) ისტორიული წყაროების მიხედვით თავდაპირველად აქ ეკლესიის აშენება ვახტანგ გორგასალის სახელს უკავშირდება. V საუკუნეშივე ვახტანგს კიდევ სამი ეკლესია: წილკნის, მეტეხის და რუისის ეკლესიები აუშენებია და როცა ოთხივე ეკლესია ერთმანეთს შეადარებს ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით ერთი მათგანი დანარჩენ სამს სჯობდა, მას სამთავისი უწოდეს. სამთავისის ეკლესია თავდაპირველად აშენდა 475 წელს, VI ს.-ის 50-იანი წლებიდან აქ ერთ-ერთი ასურელი მამა – ისიდორე იწყებს მოღვაწეობას, ამ დროიდან იწყება სამონასტრო და საგანმანათლებლო ცხოვრება სამთავისში. XI ს.-ში 1030 წელს სამთავისის საეპისკოპოსო ტაძარი ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაველმა ააგო, ანუ იგივე ილარიონ სამთავნელმა, რომელიც სამთავნელი ეპისკოპოსი იყო. 1050 წელს მასვე აუგია მარანი და საწნახელი. ტაძრის აგებაზე გვიამბობს დას. ფასადზე, კარს ზემოთ, ჯვრის რელიეფური გამოსახულების თავზე ამოკვეთილი სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: ილარიონ სამთავნელმა აღაშენა ტაძარი ესე... XV ს.-ში ეკლესია მიწისძვრის შედეგად ძლიერ დაზიანდა, ჩამოინგრა გუმბათი, დაზიანდა მაშინდელი კედლის მხატვრობა. XVI ს.-ის დასაწყისში კი კვლავ აღდგენილ იქნა ტაძარი ადგილობრივი ფეოდალების მიერ, რომელთა სახელები გაიანე და სიოშ ამილახვრები დას.ფასადზეა შემორჩენილი. ხელმეორედ ტაძრის მოხატულობა 1679 წელს მელიტონ სამთავნელის მიერ იქნა შესრულებული. სამთავისის ტაძარი (სიმ.37მ.) XIს.-ის საქართველოს ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმშვენიერეს ნიმუშს წარმოადგენს. ტაძარი მოპირკეთებულია სუფთად გათლილი მოყვითალო და მონაცრისფრო-მომწვანო კვადრებით, ფასადები მორთულია ჩუქურთმებით და დეკორატიული ბარელიეფებით. განსაკუთრებით ლამაზია აღმოსავლეთის ფასადი, რომელიც პირველი სახითაა შემორჩენილი. აქ არსებული კომპოზიცია წარმოადგენს მდიდრულად მოჩუქურთმებული ჯვრის რელიეფურ გამოსახულებას, რომელიც ასახავს სიცოცხლის ხეს – ჯვარი წარმოადგენს სიცოცხლის ხეს, რომელიც აღმოცენებულია მყარ ფუძეზე, ფუძე წარმოდგენილია გეომეტრიული ფიგურებით: წრე-ანუ დედამიწა, მართკუთხედი და რომბები-ფესვები. ფასადის მარჯვენა კუთხეში გამოსახულია ფასკუნჯის ბარელიეფი, ვარაუდობენ, რომ ასეთივე გამოსახულება მარცხენა კუთხეშიც უნდა ყოფილიყო. ჭარმოდგენილია ასევე ბროწეულისა და ყურძნის რელიეფური გამოსახულებები.. გალავანი, რომელიც გეგმით მრავალგვერდაა და სიმაღლით 3-5 მეტრამდე მერყეობს, თარიღდება XVIIს.-ის II ნახევრით. ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია აგურიც. კედელი ორიარუსიანია და ქონგურებით მთავრდება. გალავანში ჩართულია XVIIIს.-ის სამრეკლო, რომლის პირველი სართული ჭიშკარია, მეორე – საყარაულო, მესამე კი სამრეკლო. ასევე, აქაა ორსართულიანი საეპისკოპოსო პალატი, რომელიც ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით გალავანშია ჩართული. კომპლექსში ასევე არის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, რომელიც დიდი ტაძრის სამხრეთით გალავანს ეკვრის. იგი ნაგებია რიყისა და თლილი ქვით. 2005 წლიდან ძეგლის ტერიტორიაზე დაიწყო არქოლოგიური გათხრები. აღმოჩენილ იქნა VIის.-ის ბაზილიკის ნაშთები.

ინფორმაცია მოამზადა ნიკოლოზ ბერიძემ

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის