ერთაწმინდა
galerea
aRwera
ერთაწმინდის წმ.ესტატეს (წმ.ევსტათი) ტაძრის კომპლექსი დგას კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდაში. კომპლექსში შედის: ტაძარი, გალავანი, სამრეკლო და სამონასტრო და სამეურნეო ნაგებობების ნაშთები. სახელწოდება "ერთაწმინდა" დაკავშირებულია წმ.ესტატეს სახელთან. "ესტატე წმინდა" დროთა განმავლობაში ხალხის გამოთქმაში ქცეულა "ერთაწმინდად". სოფლის ძველი ხელწოდებაც ესტაწმინდაა. ერთაწმინდის ტაძარში სააკაძეების საძვალეა. აქაა დამარხული გიორგი სააკაძის ვაჟის – პაატას მოკვეთილი თავი. წმ.ესტატეს ტაძარი თარიღდება XIII ს.-ის I ნახ.-ით. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია და ნაშენია კარგად გათლილი მოყვითალო ფერის ქვით. XIX ს.-ის I ნახ.-ში ტაძარი კაპიტალურად შეაკეთეს, ხოლო 1951 წელს სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად აღადგინეს გუმბათი, სავარაუდოდ გუმბათი თავდაპირველად უფრო ვიწრო უნდა ყოფილიყო ვიდრე ახლაა. თავდაპირველად გუმბათის ყელში თორმეტი სარკმელი ყოფილა, ახლა რვაა. ტაძარს ბევრი სარკმელი აქვს, ისინი თითქმის ყველა თაღოვანია. ფასადები მდიდრულადაა მორთული ლამაზი ჩუქურთმებით. ოთხივე ფასადზე შეწყვილებული სარკმლების კომპოზიციაა, შუაში ჯვრით. ყველაზე გულმოდგინედაა შემკული აღმოსავლეთის ფასადი. თავისი ხუროთმოძღვრებითა და მორთულობით, ტაძარი ენათესავება XII-XIII სს.-ის მიჯნის და XIII ს.-ის I ნახ.-ის ტაძრებს(ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი და სხვა...). ინტერიერში კედლების დიდი ნაწილი შელესილია. ტაძრის ჩრდ.მკლავის ჩრდ.კედელზე არის მოხატულობის სამი რეგისტრი. ზედა რეგისტრში გამოსახულია ნადირობიდან დაბრუნებული წმ.ესტატე, რომელიც თავის ცოლს უმჟღავნებს სასწაულის ამბავს (წმ.ესტატეს ამბავი იხ.ქვევით). აქვე მათი ორი შვილია, რომლებიც სუფრასთან სხედან. მეორე რეგისტრში წმ.ესტატე ოჯახთან ერთად მღვდელმთავრის წინაშე დგას. მესამე რეგისტრში კი გამოსახულია ოთხი წმინდანი. მხატვრობა შესრულებულია არაუადრეს XVII ს.-ისა. აქაა გაბატონებული მუქი და მღვრიე ფერები, მონაცრისფრო-თეთრი, ლურჯი, ყვითელი, ყავისფერი, შავი. ასევე ოქროსფერი. გალავანი განვ.ფეოდ.ხანის გვიანდელ პერიოდს განეკუთვნება. ნაგებია ბრტყელი ნატეხი ქვით, ჰქონია შვიდი კოშკი, ეხლა შემორჩენილია ორი კოშკის ნაშთი დას.-ის მხარეს. ადრე გალავანი იმსიმაღლე ყოფილა, რომ მხოლოდ ტაძრის გუმბათიღა ჩანდა. აქვეა სამონასტრო და სამეურნეო შენობების ნანგრევები. სამრეკლო გალავნის ჩრდ.-აღმ. ნაწილშია ჩართული, თუმცა თავდაპირველი სახით არაა შემორჩენილი. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით იგი ათეული წლების წინდათ დაუნგრევიათ, რადგან ძველ სამრეკლოში ახალი ზარი ვერ ჩატეულა და ძველის ადგილზე იგივე ფორმის, ოღონდ უფრო ფართო, ორსართულიანი სამრეკლო აუგიათ.
ინფორმაცია მოამზადა ნიკოლოზ ბერიძემ
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის