ნეკრესი


galerea



aRwera

     მონასტერი მდებარეობს ყვარლის რაიონში, სოფელ შილდის მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოებაზე. მისი ისტორიული მნიშვნელობა რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება: ერთის მხრივ სწორედ აქ იქნა აგებული ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სამლოცველო საქართველოს ტერიტორიაზე (IV საუკუნის III მეოთხედში); მეორე მხრივ კი, უკვე VI საუკუნის მეორე ნახევარში აქ დიდად მნიშვნელოვანი კულტურული კერა ჩნდება. ეს მოვლენა დაკავშირებულია იოანე ზედაზნელის თანამოღვაწის, აბიბოსის სახელთან, რომელიც ნეკრესის მღვდელმთავრად აკურთხეს. 
     აბიბოსი ერთი იმ "ასურელი მამათაგანია", რომლებიც VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდნენ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისა და დამკვიდრების მიზნით და რომელთა თაოსნობით აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მრავალი სავანე დაფუძნდა.
     აბიბოსი სირიიდან მოყვა იოანე ზედაზნელს და ერთ ხანს მასთან ერთად მოღვაწეობდა ზედაზენზე, ხოლო შემდგომ ნეკრესის ეპარქია ჩაიბარა. მისი მღვდელმთავრობა საქართველოსათვის ძალიან მძიმე პერიოდს დაემთხვა. ქართლში დამკვიდრებული სპარსელები ყველა ღონეს ხმარობდნენ მაზდიანობის დასანერგად, რის წინააღმდეგაც მკაცრად გაილაშქრა აბიბოსმა. მან სპარსელთა ღმერთი - ცეცხლი შეურაცხყო: - "დაასხა მცირე წყალი ხენეში და დაშრიტა". მღვდელმთავრის ასეთმა მოქცევამ განარისხა სპარსელები. მათ შეიპყრეს აბიბოსი და მიჰგვარეს მარზპანს, მაგრამ იგი არც მარზპანს შეუშინდა, რისთვისაც "ქვით განტვნეს, მოკლეს და განათრიეს გარეშე ქალაქსა". 
     ნეკრესელი მღვდელმთავრის ასეთმა შეუპოვრობამ და თავგანწირვამ გარკვეული როლი შეასრულა ეპარქიის გაძლიერებისა და სამწყსოს გაზრდის საქმეში: გარდა ამისა, აბიბოს ნეკრესელის დამსახურება იმაშიც მდგომარეობს, რომ მან დიდი წვლილი შეიტანა მთიანეთის მოსახლეობის ქრისტიანებად მოქცევაში. აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღე 12 დეკემბერია. ამ დღეს ნეკრესში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ხალხი იკრიბება, ლოცვა აღევლინება და წმიდა აბიბოსს მეოხებას სთხოვენ. 
     მომდევნო საუკუნის მანძილზე ნეკრესის ეპარქია საკმაოდ ძლიერი ფეოდალური ერთეული იყო და დიდმნიშვნელოვან როლს ასრულებდა კახეთის სამხედრო-პოლიტიკურ, თუ სასულიერო-საეკლესიო ცხოვრებაში. 
     განსაკუთრებით ნაყოფიერია ნეკრესელ მღვდელმთავართა მოღვაწეობა XVIII საუკუნის ორმოციანი წლებიდან ვიდრე ეპარქიის გაუქმებამდე. აქ მოღვაწეობდნენ: ნიკოლოზ ნეკრესელი ეპისკოპოსი, დოსითეოზ ჩერქეზიშვილი (ნაკრესელი), მიტროპოლიტი იოანე ნეკრესელი - გივი ჯორჯაძის ძე. ეს უკანასკნელი გარეჯშიც ეწეოდა საგანმანათლობლო მოღვაწეობას და ზრუნავდა ხელნაწერთა გამრავლებაზე. მისი თაოსნობით დაიწერა წიგნები: „ღვთისმეტყველის ცხოვრება“ (1846), დიალოღონი (1848), რომლებიც მან ლავრას შესწირა. ნეკრესის შემდეგ მას ცოტა ხნით ბოდბეშიც უმოღვაწია. ეპისკოპოსი დოსითეოზ ჩერქეზიშვილი ნეკრესის ეპარქიას XVIII ს-ის II ნახევარში განაგებდა. შესანიშნავად თარგმნიდა სომხურიდან ქართულად. იყო ანტონ კათალიკოზის სკოლის წარმომადგენელი. 1758 წელს დოსითეოზ ნეკრესელმა აკურთხა თელავის საფილოსოფოსო სკოლა და თვითონაც პირველ მსმენელად ჩაირიცხა. შემდეგ კი დოსითეოზმა თავის საკუთარ ეპარქიაშიც დააარსა პირველი დაწყებითი სკოლა სამწყსოსთვის, რამაც ძალიან გაახარა ერეკლე მეორე. 1794-1812 წლებში ნეკრესის სამიტროპოლიტო კათედრას ამბროსი მიქაძე (ნეკრესელი) განაგებდა, რომელიც ცნობილი იყო როგორც დიდი მქადაგებელი და თავდადებული მამულიშვილი.

     სადღეისოდ, ეს დიდი და მნიშვნელოვანი სასულიერო-საგანმანათლებლო, კერა საინტერესოა პირველ რიგში იმ უნიკალური და მხატვრული თვალსაზრისით ფრიად მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლების წყალობით, რომლებიც მრავლადაა შემორჩენილი მონასტრის ტერიტორიაზე. კომპლექსი შეიცავს ადრეული IV საუკუნის სამლოცველოს, სამეკლესიან ბაზილიკას (VI-VIIსს.), გუმბათიან ეკლესიას (VIII-IX სს.), საეპისკოპოსო სასახლეს (IX ს.) კოშკს (XVI ს.) მარანს, რამოდენიმე სამეურნეო შენობის ნაშთს, სატრაპეზოს, ბერთა სენაკებს, მცირე სამლოცველოებს და სხვა. ძველი წყაროების მიხედვით ნეკრესი ქალაქს წარმოადგენდა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ ქრისტიანობის წინარე ხანაში. ისტორიკოსთა ცნობით, ქალაქი დააარსა მეფე ფარნაჯომ, რომელიც მეფობდა 112-93 წლებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე - "(ფარნაჯომ)იწყო შენებად კახეთს ქალაქსა ნელქარისსა, რომელ არს ნეკრესი". ქალაქ ნეკრესის გაშენიანების შემდეგ ეტაპად, მემატიანეს ცნობით, შეიძლება ჩაითვალოს მეფე არშაკ მირვანის ძის მეფობის ხანა, ე. ი. ძველი წელთაღრიცხვის უკანასკნელი საუკუნე. "ქართლის ცხოვრების" ცნობითვე მეფე მირიანის დროს უკვე ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში მისმა მამამძუძემ მირვანოზმა განამტკიცა ქალაქის ზღუდენი: "მირვანოზ ჰმატა ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა და უმეტეს ყოველთასა მომტკიცნა ზღუდენი ნეკრესისა ქალაქისანი".

     ჯერ კიდევ არ არის მოპოვებული ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, ესადაგება თუ არა ისტორიულ დოკუმენტებში არაერთგზის მოხსენებული ქალაქი ნეკრესი აწ არსებულ ქრისტიანულ კერას, თუმცაღა მათი იდენტიფიკაცია სავსებით დასაშვები და მისაღებია, მით უფრო, რომ XVIII საუკუნის ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი გვაუწყებს: "(ნეკრესში) არს აწცა საეპისკოპოზო და ზის ეპისკოფოზი, არამედ არღარაა ქალაქი".

     ნეკრესის მონასტერში მშენებლობის დაწყება დაკავშირებულია საქართველოში ქრისტიანობის მიღებისა და მისი სახელმწიფო რელიგიად აღიარების პირველივე წლებთან. სწორედ ამ პერიოდში, აწინდელი კომპლექსის ცენტრში, ააგეს მცირე ზომის მინიატურული სამლოცველო. თუმცა იგი სიმცირის, მრავალი გადაკეთებისა და თავისი უჩვეულო სილუეტის წყალობით მოკლებულია იმ იმპოზანტურობასა და მომხიბვლელობას, რომელიც შემატა მონასტერს შემდგომმა განაშენიანებამ, მისი მნიშვნელობა უდაოა. უპირველეს ყოვლისა იგი თავისთავად მთელი მომდევნო განაშენიანების საწყისს, ბირთვს წარმოადგენს და სწორედ მისგან წარიმართა სხვადასხვა მიმართულებით მონასტრის შემდგომი ზრდა. 
     მემატიანეს ცნობით, მირიან მეფის შვილიშვილის, მეფე თრდატის დროს (IV საუკუნის მესამე მეოთხედი) ნეკრესში სამლოცველო აშენდა. "ნაკრესის კახეთისასა ეკლესიად აღაშენა განსრულებით". კომპოზიციის არქაულობა და სხვა არქიტექტურულ ფორმათა ანალიზი საფუძველს გვაძლევს, რომ მატიანეში ნახსენები ეკლესია გავაიგივოთ აწ არსებულ მცირე ბაზილიკასთან. 
ნეკრესის ეს უადრესი ეკლესია ზომით 4.6x3.8 მ2, მსგავსად ამ რეგიონის სხვა ძეგლებისა, ნაგებია ფლეთილი ქვით და დგას საგანგებოდ შექმნილ საყრდენზე (სუბსტრუქციაზე), რომელიც კრიპტათ არის (საძვალე) მოწყობილი. ეკლესიის მშენებელმა თავისი სამლოცველო მხოლოდ გარეგნულად დაამსგავსა ბაზილიკას (სამი ნავიდან ცენტრალური ბევრად მაღალია გვერდითებზე) და უგულვებელყო ამ ტიპის ისეთი არსებითი მხარეები როგორიცაა: ხაზგასმული გრძივი ღერძი, ნავთა გამყოფი სვეტის მწკრივი და სხვა. ეს დარღვევები მიგვანიშნებს, რომ ეკლესია ბაზილიკური ტიპის შენობის სიტყვიერი აღწერის საფუძველზე შეიძლება იყოს აგებული.

     ეს მცირე თავისებური ნაგებობა გარეთა სივრცისკენ თაღებით იხსნება. როგორც ჩანს, ქრისტიანობის დამკვიდრების ამ პირველ ეტაპზე ეს გარემოება საშუალებას აძლევდა მლოცველს წირვის დროს გარეთ დარჩენილიყვნენ.

     ეკლესიის ცენტრალური ნავი ძალიან ვიწრო და მაღალია. აღმოსავლეთით ნალისებრი ფორმის აფსიდით მთავრდება. ასევე ნალისებრია ფართო ფორმის თაღები, რომლითაც ცენტრალური ნავი გვერდითებს უკავშირდება. მკაფიოდ გამოვლენილი ნალი, ქართული ხროთმოძღვრების ეს ერთ-ერთი ადრეული ფორმა, არაერთგზის არის გამოყენებული ამ სამლოცველოშიც. ასეთივე ნალისებრი ფორმის თაღით სრულდება ყველა სარკმელი. ადრეული პერიოდის მანიშნებელია კრიპტის არსებობა და აღმოსავლეთ კედელში კარის გაჭრა, რაც მომდევნო საუკუნეებში აღარ გვხვდება. მოგვიანებით ეს ეკლესია საცხოვრებლად იყო გადაკეთებული და დროთა მანძილზე საგრძნობი ცვლილებებიც. განიცადა. ნეკრესის ამ მცირე ბაზილიკის მნიშვნელობა მის სიძველეში და ორიგინალურ გადაწყვეტაში მდგომარეობს. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ ქრისტიანულ ნაგებობას საქართველოში, აშენებულ ბაზილიკური კომპოზიციის პროგრამის მიხედვით, მაგრამ მასში მკვეთრად ვლინდება ის საფუძვლები, რომლებიც განვლო ამ ტიპმა ნამდვილი ბაზილიკური ფორმის შეთვისების გზაზე. 
     განაშენიანების მეორე ეტაპი მონასტერში ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების პირველ აღმავლობას ემთხვევა (VI-VII სს.) VI-VII საუკუნეების მიჯნაზე, მცირე სამლოცველოს აღმოსავლეთით აგებულ იქნა მონასტრის მთავარი ტაძარი. ინარჩუნებს რა გარედან ბაზილიკურ სილუეტს, იგი ინტერიერში განსხვავებულია: თითოეული ნავი ყრუ კედლით არის გამოყოფლი და დამოუკიდებელი "ეკლესიის" სახეს იღებს. ამ ორიგინალური ტიპის წარმოშობა დაკავშირებული იყო დღის განმავლობაში რამოდენიმე წირვის გადახდის საჭიროებასთან, რაც წესისამებრ ცალკე საკურთხეველს ითხოვდა. ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვით, კუთხეებსა და ყველა კონსტრუქციულ ნაწილებში შირიმია გამოყენებული. ეკლესიის ფასადები 
ინტერიერში მთავარი ეკლესია ღრმა საკურთხევლით სრულდება. მოგვიანებით, სამხრეთის ორთაღედი შეუვსიათ წყობით, ასევე ამოქოლეს მთავარ ეკლესიაში გამავალი სამხრეთის კარი. ჩრდილოეთის ეკლესია კი თითქმის მთლიანადაა ჩამონგრეული. ნეკრესის სამეკლესიანი ბაზილიკა ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული და ამ ტიპის ეკლესიათა ჩამოყალიებულ, კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს. ეკლესია XVI საუკუნეში მოუხატავთ და თითქმის სრულადაა შემონახული ბაზილიკის ცენტალურ ეკლესიაში. აქ დაცულია ქართული და ნაწილობრივ ბერძნული ფრესკული წარწერები. ამ ეკლესიის სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში მხატვრობის დამკვეთნი, მეფე ლეონ (1520-1574 წწ.) და მისი მეუღლე თინათინი არიან გამოსახულნი. შემდგომი ნაშენებისდა მიუხედავად ბაზილიკამ შეინარჩუნა მონასტრის მთავარი ტაძრის სახელი და მნიშვნელობა. XVI საუკუნის 80-იან წლებში მონასტერს რუსი ელჩები ეწვივნენ. თავის ნუსხებში, მონასტერში დაცულ სიძველეთა აღწერისას ისინი ხაზგასმით აღნიშავდნენ, რომ ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, მთავარი ტაძარია მონასტრისა და სწორედ მასშია დაცული მათ მიერ აღწერილი მთელი რიგი ძვირფასი ხატებისა. 

         გაცხოველებული მშენებლობა მიმდინარეობდა მონასტერში VIII-IX საუკუნეებში, ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების ეგრეთწოდებულ გარდამავალ პერიოდში. ამ დროს კომპლექსს ჩრდილო-დასავლეთიდან დაემატა გუმბათიანი ეკლესია (IX ს.) ეკლესია მსგავსად ამ კომპლექსის სხვა ძეგლებისა ნაგებია ფლეთილი ქვით, კონსტრუციულ ნაწილებში შირიმია გამოყენებული. სახურავი კრამიტისაა. ეს არის გუმბათიანი ეკლესია, რომლის კომპოზიციაში სამეკლესიანი ბაზილიკის ელემენტები გამოყენებული. ეკლესია თითქოს სხვადასხვა ნაწილებისაგან არის შედგენილი. მშენებლობის თვალსაზრისითაც ეს ნაწილები მიშენებულია ერთმანეთთან. საყურადღებოა, რომ ჩრდილოეთის ეკლესია სრულიად გაუნათებელია და ბნელი, ვიწრო დერეფნის შთაბეჭდილებას ტოვებს, არსებობს მოსაზრება, რომ ეკლესიის ეს ნაწილი დაკრძალვამდე ბერების ცხედართა დასასვენებლად იყო განკუთვნილი. 
     ამავე პერიოდში, გუმბათიანი ეკლესიის აღმოსავლეთით, ხევის პირას აუგიათ გძელი, ორსართულიანი საეპისკოპოსო სასახლე. სასახლის გაგრძელებაზე აღმოსავლეთით, განლაგებულია ერთსართულიანი შენობა, რომელშიც მარანია მოწყობილი. ამ მარნის თავზე XVI საუკუნეში ააშენეს ოთხსართულიანი ოთხკუთხა თავდაცვითი დანიშნულების მქონე კოშკი, რომელშიც მოხვედრა უშუალოდ მარნიდანაა შესაძლებელი.

     ნეკრესის მონასტერის ტერიტორიაზე შედარებით უკეთ შემონახული გვიანი ხანის საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე ნაგებობათა შორის ყურადღებას იპყრობს საკმაოდ დიდი ზომის სწორკუთხა შენობა კედლის თაღების რიგით, განლაგებული გუმბათიანი ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომელიც მკვლევართა აზრით სატრაპეზოს წარმოადგენდა. 
ანსაბლი გარშემორტყმულია ქვის გალავნით. შემოსასვლელი გალავანს სამხერთ-დასავლეთით ჰქონდა. გვიან შუა საუკუნეებში კომპლექსს მცირე ზომის, კოხტა დარბაზული სამლოველო შეემატა. 
     ნეკრესის მონასტერი, რომელიც საუკუნეთა მანძილე ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა არაერთგზის დაურბევიათ ლეკებს, რომელთა შემოსევები XIX საუკუნის შუა წლებამდეც კი გაგრძელდა. XX საუკუნის ოციან წლებში დაიწყო ძეგლის მეცნიერული შესწავლა, ხოლო უფრო მოგვიანებით 1940-50 წლებში კომპლექსზე მიმდინარეობდა დაცვითი-გამაგრებითი სამუშაოების წარმოება. სადღეისოდ სარესტავრაციო სამუშაოები ძეგლზე განახლდა.

          ნეკრესში არის ყველა მართმადიდებლური ეკლესიისგან გამოჩეული წესი, საქართველოში მხოლოდ აქ არის ნებადართული, ღორის დაკვლა. ლეგენდა ასეთი შინაარსის არის, რომ ერთხელაც ნეკრესის ციხეს ლეკები შემოესივნენ და ალყა შემოარტყეს, ძალიან რომ გაუჭირდათ ქართველებს, ერთი ეშმაკური ხერხი იხმარეს. რაც ციხეში ღორები ჰყავდათ ყველა დაკლეს, მისი სისხლი დადმოასხეს ხოლო ხორცი კი გადმოყარეს ციხიდან,როგორც მოგეხსენებათ მუსულმანები ღორს არ ეკარებიან, ციხის გარშემო კი ყველგან ღორის ხორცი და სისხლი ესხა. მოხსნეს ალყა და გაბრუნდნენ უკან. ასე გადარჩა ციხე-მონასტერი აოხრებას. მას შემდეგ ყოველ 7 ნოემბერს ნეკრესობა იმართება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიოში მხოლოდ ორია ასეთი ქრისტიანული სალოცავი.

 

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები  - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის