ყინწვისის მონასტერი
galerea
aRwera
ყინწვისის მონასტერი მდებარეობს ქარელის რაიონში, სოფელ ყინწვისიდან რამდენიმე კილომეტრში, მდ.ძამას ხეობის ერთ-ერთ მაღლობზე. იგი დაარსებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე სამეფო კარის ბრძანებით. კომპლექსი შედგება რამდენიმე ნაგებობისგან. მთავარ ნაგებობას წარმოადგენს წმ.ნიკოლოზის სახელობის ცენტრალურგუმბათოვანი ტაძარი, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნით თარიღდება.
ყინწვისის მხატვრობა უნიკალურია. XIII საუკუნის დასაწყისში თამარ მეფის პირვლი ვეზირის მწიგნობართ-ჭყონდიდელ ანტონ გლონისთავისძის დაკვეთით მოიხატა წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. ტაძრის შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს გამოსახულნი არიან ისტორიული პირნი ჩრდილოეთით – გიორგი III, თამარი და ლაშა-გიორგი, სამხრეთით ანტონ გლონისთავისძე ეკლესიის მოდელით ხელში. ტაძრის მოხატულობაში წარმოდგენილია სხვადასხვა წმინდანთა გამოსახულებები. დასავლეთ კედელზე გამოსახულია წმ.ნიკოლოზის ცხოვრების სცენები, აქვეა იოანე ზედაზნელისა და დავით გარეჯელის გამოსახულებები.
XIV ს-ში ეკლესიას სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარიბჭეები მიაშენეს. XV საუკუნის II ნახევარში ცნობილმა ქართველმა მოღვაწემ ზაზა ციციშვილ-ფანასკერტელმა მონასტერში მცირე აღმშენებლობითი სამუშაოები ჩაატარა. მისი ფრესკა ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთშია წარმოდგენილი.
ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც წმ.ნიკოლოზის ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს, დარბაზული ნაგებობაა და ასევე XII-XIII საუკუნეების მიჯნით თარიღდება. იგი დგას მდ. ძამის ნაპირთან, ფერდობზე. ეკლესიის ძირითადი ნაწილი მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი და კედლების ნაშთი. დაზიანებული სახითაა შემორჩენილი აქ არსებული მოხატულობაც, რომელიც გვარწმუნებს, რომ ამ ტაძრის მხატვრობა მართლაც ულამაზესი იყო, აქ წარმოდგენილია ფერთა ფართო სპექტრი, სადაც ჭარბობს ღია მწვანე, ოქროსფერი, მოწითალო-მოყავისფრო და ლაჟვარდოვანი ცისფერი. ფრესკების დიდი ნაწილი გადარეცხილია. საკურთხეველში მთავარ ფრესკას წარმოადგენს ღვთისმშობელი ყრმით და ორი მთავარანგელოზით.
გვიან ფეოდალურ ხანაში (XVI-XVIIIს.ს-ში) აშენდა წმინდა გიორგის სახელობის მცირე დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც წმ.ნიკოლოზის ტაძრის დასავლეთ კედელთან დგას..
სამონასტრო ცხოვრება ამ ტაძარში ავტოკეფალიის დაკარგვამდე მიმდინარეობდა. 1939 - 1940 წ.წ.-ში შეაკეთეს ტაძრის დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთ კედლები. 1964 – 1966 წ.წ.-ში გაიწმინდა და გამაგრდა ფრესკები.
1997 წლის მაისში ურბნისის და რუისის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ამოქმედდა დედათა მონასტერი, რომელიც 2001 წელს მამათა მონასტრად გადაკეთდა. 2001 წელს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა დაასრულა წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის კონსერვაცია და გადაუდებელი სამუშაოები. კომპლექსში ასევე შედის გალავნის ნაშთი და მასში ჩაშენებული კოშკი-სმრეკლოს ორი სართული.
ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.
ინფორმაცია მოამზადა ნიკოლოზ ბერიძემ
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის