ქვახვრელი
galerea
aRwera
ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი მდებარეობს გორის რაიონში, სოფელ ქვახვრელში, კლდეში ნაკვეთ ციხე-ქალაქ უფლისციხის მოპირდაპირე მხარეს, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ანტიკურ ხანაში იგი უფლისციხის სასოფლო-სამეურნეო გარეუბანი იყო. ქვახვრელის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი ქვიშაქვის კლდეშია გამოკვეთილი და თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. კომპლექსში შედის კლდის სიღრმეში ნაკვეთი ეკლესია, კორიდორები, სადგომები, ასევე, სამრეკლო, რომელიც გამოქვაბულის შესასვლელის თავზეა, Uმცა იგი მოგვიანებითაა მიშენებული ნატეხი ქვით. სამრეკლო უკავშირდება ბნელ კორიდორს (სიგრძე 19მ. სიგანე 2მ. სიმაღლე 2,5მ.) ეს კორიდორი ძირითადია, იგი მიემართება ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, მის გარდა კიდევ ორი კორიდორია გამოქვაბულში. ძირითადი კორიდორის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი შესასვლელიდან შესაძლებელია მოვხვდეთ კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიაში. კვირაცხოვლის სახელობის გამოქვაბულში ნაკვეთი ეკლესია სიმაღლით 7,6მ-ია. საკურთხეველი კანკელით ყოფილა გამოყოფილი, რომლიც კლდეში ნაკვეთი მცირე ნაწილებია შემორჩენილი. XVIII საუკუნეში სოფელ ქვახვრელის მიდამოებში დაიწყო სომხური მოსახლეობის მიგრაცია, რასაც მოწმობს გამოქვაბულის კედლებზე ამოკვეთილი სომხური ნიშნები. ეს წარწერები პალეოგრაფიული ნიშნებით XVIII საუკუნეს მიეკუთვნება. დღესდღეობით ქვახვრელის კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
ინფორმაცია მოამზადა ნიკოლოზ ბერიძემ
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის