ბოდბის მონასტერი


galerea



aRwera

      ბოდბის მონასტერი მდებარეობს სიღნაღის რაიონში, სიღნაღიდან ირიოდე კილომეტრის დაშორებით. ტაძარი აგებულია IV ს-ის 30-იან წლებში, მირიან მეფის ბრძანებით, წმ. ნინოს საპატივსაცემოდ. წმინდანი ბოდბეში გარდაიცვალა და ღვთის განგებით აქვეა დაკრძალული. მირიანს მცხეთაში სურდა მისი გადმოსვენება მაგრამ ორასმა კაცმა ვერ დაძრა მისი სარეცელი ადგილიდან. ამიტომ წმ. ნინოს საფლავზე მეფეს ააშენა ტაძარი. შემდგომში აღმშენებლობითი სამუშაოები აქ ბაქარ მირიანის ძესაც ჩაუტარებია. VIII-IX საუკუნეებში ტაძარი სამნავიან ბაზილიკად გადაუკეთებიათ. მონასტერის გამშვენიერებაში დიდი წვლილი მიუძღვის დემეტრე I-საც.
სამეფო კარი დიდი ყურადღებით ეკიდებოდა ბოდბის მონასტერს. აქ ხდებოდა კახთა მეფეების კურთხევა. საქართველოს მეფის კურთხევისას კი, ბოდბელი მღდელმთავარი VII ადგილზე იჯდა. ბოდბეში განვითარებული ყოფილა კულტურულ-საგანმანთლებლო საქმიანობა. აქ არსებობდა საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელიც შემოწირულობით ივსებოდა. ბოდბეში მოღვაწეობდნენ ცნობილი სასულიერო პირნი და მწიგნობარნი: ზაქარია ბოდბელი(XVIIს.), ონოფრე ბოდბელი(XVIIIს.) და სხვანი.
       XVIII ს-ის II ნახევარში ბოდბის წინამძღვარი იყო იოანე მაყაშვილი (1743-1837), მის სახელთანაა დაკავშირებული ბოდბის ტაძრის ხელახალი შემკობა. ამ დროს აქ საკმაოდ მრავალრიცხოვანი მამათა მონასტერი იყო. 1811 წელს ბოდბის ეპარქია საარქიმანდრიტოდ გადაკეთდა და ალავერდ-კახეთის მიტროპოლიტად დაადგინეს ბოდბის მღვდელმთავარი იოანე მაყაშვილი.
         ტაძარი მოხატულია 1823 წელს იოანე მაყაშვილის დაკვეთით, რუსი მხტვრების მიერ, მხატვრობაში აშკარად იგრძნობა იტალიური სკოლის გავლენა. ამავე წელს გაკეთდა კანკელი, აშენდა საეპისკოპოსო სასახლე.
1837 წლიდან, იოანე მაყაშვილის გარდაცვალებასთან ერთად, დაიხურა ბოდბის მონასტერიც და სამრევლო ეკლესიად იქცა. ამის შემდეგ ბოდბის მონასტერს განაგებდნენ არქიმანდრიტები. მათ შორის გამორჩეული იყო არქიმანდრიტი მაკარი, რომელსაც დიდი ყურადღება მიუქცევია ქართული გალობის აღორძინებისთვის, მისი თაოსნობით გახსნილა გალობის სკოლა. ასევე მისი შემწეობით 1862 წელს დაიწყო სამსართულიანი სამრეკლოს მშენებლობა, რომელიც 1885 წელს დასრულდა. სამონასტრო ცხოვრების აღდეგანაში დიდი წვლილი მიუძღვის მიხეილ საბინინს, რომელმაც შეცვალა წმ. ნინოს საფლავის ქვა და ლუსკუმა.
         1889 წელს ბოდბეს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III ეწვია, მისი ბრძანებით გაიხსნა დედათა მონასტერი. რომლის იღუმენიები სხვადსხვა დროს იყვნენ იუვენალია II (ერობაში თამარ მარჯანიშვილი, კოტე მარჯანიშვილის და)და ნინო ვაჩნაძე. ამ პერიოდში მონასტრის დების რიცხვი სამასს აღწევდა. აქვე მოქმედებდა კეთილშობილ ქალთა სასწავლებელი. 1906 წელს იმპერატორ ნიკოლოზ II-ის განკარგულებით, ამ სავანეს I კლასის მონასტრის წოდება მიენიჭა.
           1924 წელს მონასტერი დაიხურა. ბოდბის უკანასკნელი იღუმენია ნინო ვაჩნაძე, მიუხედავად მრავალგზის მუქარისა, მონასტერს არ შორდებოდა, თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდა ბოდბე მიეტოვებინა და თბილისში, ანჩისხატის ტაძართან დასახლებულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც. სამოციან წლებში ბოდბის უკანასკნელი წინამძღვარი მისი ანდერძისამებრ, ბოდბეში გადაასვენეს.
           1991 წელს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ბოდბეში აღდგა საბჭოურ პერიოდში შეწყვეტილი სამონასტრო ცხოვრება. ამ დროიდან ძლიერდება მონასტერი და თანდათან იბრუნებს ძველ სიძლიერეს.
მონასტრის ერთ-ერთ უდიდესი სიწმინდე არის ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. მას კომუნისტების დროს მონასტრის ადგილას გახსნილ საავადმოყოფოში, საოპერაციო მაგიდად იყენებდნენ. შემდგომ ღვთისმშობელი ექიმ ქალს გამოეცხადა და ხატის პირვანდელ ადგილას გადასვენება უბრძანა. ერთხელ ერთმა ურწმუნო კაცმა ხატის შეურაცხოფა სცადა და დანით დაუსერა სახე, რისთვისაც მკაცრად დაისაჯა და სრულიად ჯანმრთელი მოულოდნელად გარდაიცვალა.
           2002 წელს აღსდგა სამრეკლოც. ასევე ამ პერიოდში მთავარ ტაძარსაც ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.
მონასტერს აქვს საკმაოდ დიდი მეურნეობა, მოქმედებს ხატწერისა და ხელსაქმის სახელოსნოები. მონაზვნები მწიგნობრულ საქმიანობასაც ეწევიან ხელნაწერთა მიხედვით მზადდება ახალი საღვთისმსახურო წიგნები და სხვ.

http://www.novators.ge/news/big_1316697648.jpg